Blogger news

Monday 23 September 2013

"აწმყო, შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა."

  

"ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი.”

”ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც განვიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თვის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოტხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც არ ახსოვს ეგ თავისის ერთანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი.
თუ ისტორია დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენი ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამნაშთისა დღეს ჩვენ ღარა გაგვეგება რა, ვიმეორებ, იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმმარტებელი ისტორია”







0 comments:

Post a Comment