Blogger news

ქრისტიანობა



პირველ საუკუნეში რომის იმპერიაში ჩამოყალიბდა ძლიერი ქრისტიანული თემი. მის აღმოსავლეთ პროვინციებში პალესტინაში, ეგვიპტესა და მცირე აზიაში შეიქმნა პირველი ქრისტიანული თემები.
      პირველი ქრისტიანები თემებად ცხოვრობდნენ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყოველივე საერთო ჰქონდათ. მდიდრები ღარიბებს ქონება უნაწილებდნენ, გაჭირვებისას სნეულებს ეხმარებოდნენ...ასეთი საქციელი უცხო იყო  წარმართებისათვის, ისინი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ, ბრწყინვალე სასახლეებსა და ციხეებს აგებდნენ, ნადიმებისათვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ....
  რომის იმპერატორები დაუნდობლად დევნიდნენ ქრისტიანებს. იმპერატორმა ნერონმა რომში ხანძრის გაჩენა ქრისტიანებს დაბრალა და ამის გამო ბევრი მათგანი დასაჯა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა იმპერატორი დიოკლეტიანე. მან გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, რომის იმპერიის ტერიტორიაზე ქრისტიანული

ქრისტიანების დევნა რომში 
ღვთისმსახურება სასტიკად იკრძალებოდა. დევნის ხანაში ქრისტიანებისათვის საიდუმლო მიმანიშნებელი იყო ქრისტიანული სიმბოლოები: თევზი, მტრედი და თევზის ბერძნული სახელწოდება-”ichthus“-აღიქმებოდა, როგორც აკრონომი ბერძნული სიტყვებისა-‘’Iesus Cristos theou Huios Sofer”-”იესო ქრისტე ძე დავითისა”.

   მეოთხე საუკუნის დამდეგს ქრისტიანული თემების სათავეში იდგნენ ეპისკოპოსები. ეპისკოპოსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად ზედამხედველს ნიშნავს. ეპისკოპოსები ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს აწესრიგებდნენ, წარმართავდნენ და ზედამხედველობას უწევდნენ ქრისტიანულ თემებს. ეპისკოპოსთა კრებები ქრისტიანული მმართველობის უმაღლესი ორგანო იყო.
     306 წელს ბიზანტიის იმპერატორი გახდა კონსტანტინე 1. მის სახელს უკავშირდება მომავალი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის კონსტანტინოპოლის დაარსება.
ახალი ქალაქი კონსტანტინე დიდმა ბოსფორის სრუტეზე, ევროპისა და აზიის შესაყართან, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე დაარსა და 330 წელს რომის იმპერატორის რეზიდენციად გამოაცხადა.
       კონსტანტინე დიდმა 313 წელს ქალქ მილანში გამოსცა ცნობილი

კონსტანტინე დიდი
”აია სოფიას” ქტიტორი კონსტატინოპოლში 
ბრძანებულება’’მილანის ედიქტი”, რითაც პირველად ქრისტიანული რელიგია ნებადართულ რელიგიად გამოაცხადა. მისივე იმპერატორობის დროს, 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოწვეული იქნა პირველი საეკლესიო კრება, რომელსაც თვით კონსტანტინე ესწრებოდა. ამიტომ ეს წელი ითვლება რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების თარიღად. ნიკეას მსიფლიო საეკლესიო კრებას დასავლლეთ საქართველოდან ესწრებოდა პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე. საელესიო კრებამ დაადგინა ქრისტიანული მრწამსი. მეოთხე საუკუნის ბოლოს კი რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ბრძანა, დაეხურათ ან დაენგრიათ ყველა წარმართული ტაძარი.

მართლმადიდებლობისთვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მრწამსს,რომელიც მიიღეს 325 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. წმინდა სამება ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი მცნებაა: მამა ღმერთი, ძე ღმერთი(ქრისტე), სული წმინდა.
     451 წელს მოწვეული იქნა ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება. მეხუთე საუკუნის შუა ხანებში ალექსანდრიაში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა მონოფიზიტობა. მონოფიზიტები ქრისტეს ადამიანურ ბუნებას უარყოფდნენ და ერთ ღვთიურ ბუნებას აღიარებდნენ. ქალკედონის საეკლესიო კრებამ მონოფიზიტობა დაგმო და ქრისტეში ადამიანურისა და ღვთიურის განუყოფლობა-დიოფიზიტობა აღიარა. აღმოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინაში და სომხეთში მონოფიზიტური გახდა.
ქალკედონიის კრება 451 წ.

   ქალკედონის კრებამ დაარსა კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოები, კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა, რომის სწორ ქალაქად აღიარა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რომის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. რომის პაპი, მსოფლიო ეკლესიის მეთაური დაუპირისპირდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.
   საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებას და დიოფიზიტობა აღიარა.

   395 წელს რომის იმპერია ორად გაიყო-დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიად. აღმოსავლეთ იმპერიას ბიზანტია ეწოდა. ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა. უზარმაზარი იმპერია მოიცავდა ტერიტორიებს: ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, ეგვიპტეს, რომის ყოფილ სამფლობელოებს აზიაში-მცირე აზიას, სირიას, პალესტინას, მესოპოტამიასა და სომხეთის ნაწილს, ლაზიკას. ამ უზარმაზარ იმპერიაში სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა: ბერძნები, ებრაელები, სლავები, სირიელები...ბიზანტიის სახელმწიფო ენა თავდაპირველად ლათინური იყო, მოგვიანებით იგი ბერძნულმა შეცვალა.
    რომის იმპერიის გაყოფამ კიდევ ერთი რელიგიური ცენტრის წარმოქმნა გამოიწვია. კონსტანტინოპოლის სასულიერო მეთაური პატრიარქი იყო. ბრძოლა რომის პაპასა და პატრიარქს შორის გავლენის გადანაწილებისათვისრამდენიმე საუკუნე გაგრძელდა, რასაც მსოფლიო ეკლესიის გაყოფა მოჰყვა.
სქიზმა 

   1054 წელს ქრისტიანობა ორ მიმართულებად გაიყო: მართლმადიდებლობად და კათოლიკობად. სახელი კათოლოკური, რაც ნიშნავს მსოფლიოს, შერჩა დასავლეთის ეკლესიას. ხოლო აღმოსავლეთის ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, რაც მოძღვრების სისწორესა და ჭეშმარიტებაზე მიუთითებდა.

მსოფლიო ეკლესიის მეთაურს ეწოდება რომის პაპი. მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ეწოდება პატრიარქი. ავტოკეფალური ეკლესია დამოუკიდებელი ეკლესიაა სახელმწიფოში და ემორჩილება პატრიარქს.
    კონსტანტინოპოლის პატრიარქი მსოფლიო პატრიარქად იწოდება, მაგრამ

სინამდვილეში მას არავითარი რეალური ძალა არ აქვს დამოუკიდებელ-ავტოკეფალურ ეკლესიებზე. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გარდა ამჟამად არსებობს შემდეგი მართლმადიდებური ეკლესიები: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის. .

საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნეში გამოცხადდა, მაგრამ მისი გავრცელება ბევრად ადრე დაიწყო. საქართველოში მოსულა ქრისტეს სამი მოციქული ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა. სვიმონ კანანელი აქ აღესრულა და ანაკოფიას (აფხაზეთში) დაუკრძალავთ . საქართველოში ერთ-ერთი მოციქულის საფლავია, რაც გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს საქართველოს ეკლესიას. მოციქულთა საქართველოში ქადაგების საფუველზე არის დამყარებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია-დამოუკიდებლობა.

     ანდრია პირველწოდებულის მოსვლა საქართველოში
წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, იესო ქრისტემ პირველად მოუწოდა. ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული.
ანდრია პირველწოდებული

  უფლის ამაღლების შემდეგ მისმა მოწაფეებმა წილი იყარეს , ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. საქართველოს მოქცევა წილად ხვდა მარიამ ღვთისმშობელს., ამიტომ ეწოდება საქართველოს მარიამ ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა. ღვთსმშობლის მიცვალების ჟამი მოახლოებულიყო, მას ძე ღვთისა გამოეცხადა და საქართველოში მისი პირველი მოწაფის, ანდრია მოციქულის გაგზავნა დაავალა. წმ. მარიამმა მოატანინა ფიცარი და მიიდო სახეზე.ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი . ეს არის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ღვთისმშობელმა გამოატანა ანდრია პირველწოდებულს.
     ანდრია მოციქულმა გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მოაღწია. წმინდა ანდრია დასავლეთ საქართველოში, ტრაპიზონში, ,,მეგრელთა მხარეში” ჩამოვიდა. ქ. ტრაპიზონი დღეს თურქეთში მდებარეობს, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ძველთაგანვე იგი ლაზთა მხარეა. ლაზები კი მეგრულ-ჭანური მოდგმის ტომია. ამის შემდეგ ანდრია პირველწოდებული ,, დიდ აჭარაში” შემოვიდა. იმ ადგილას სადაც წმ. ანდრიამ ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, წყარო აღმოცენდა. დიდ აჭარაში დღემდეა შემორჩენილი ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით. აქ ღვთისმშობლის სახელზე ანდრია პირველწოდებულს აუგია.
   
ანდრია მოციქულმა გადაიარა ფერსათის მთა, რომელზეც აღმართა რკინის ჯვარი.ამის გამო ეწოდა ამ მთას რკინის ჯვარი. სამცხის მხარეში შემოსულმა მოციქულმა იხილა წარმართული კერპები,რომელსაც სოფელი ზადენ-გორას მოსახლეობა მსხვერპლს სწირავდა, ილოცა წმ. ანდრიამ და ყველა კერპი დაემხო. ამის შემდეგ ანდრია პირველწოდებული მოადგა აწყურს, რომელსაც ადრე სოსან-გეთი ეწოდებოდა. აქ ღვთის შეწევნით სასწაული მოახდინა. ამ მხარის გამგებელი იყო სამძივრის გვარის ქვრივი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ანდრიამ მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა დედამ ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, მოინათლა შვილთან ერთად და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა- ყველას ამ სასწაულს ატყობინებდა და თავისთან იხმობდა. მესხებმა ქრისტეს რჯულზე მონათვლა დაიწყეს. გადმოცემის თანახმად, მესხეთში ყოფილა ტაძარი, სადაც ცრუ ღმერთებს არტემიდას და აპოლონს ემსახურებოდნენ. არტემიდა და აპოლონი ძველი ბერძნული ღვთაებებია, ბერძნული მითოლოგიის თანახმად არტემიდა იყო მონადირეობისა და მონადირეთა მფარველი ქალღმერთი, აპოლონი ხელოვნების მფარველ ღვთაებად გვევლინება. ანდრია პირველწოდებულის ქადაგებამ, სასწაულმა, ხალხის მონათვლამ ქრისტეს რჯულზე კერპთაყვანისმცემლები განარისხა. მაშინ მოციქულმა ხელთუქმნელი ხატი ცრუ კერპებთან ერთად ტაძარში მთელი ღამით დატოვა, ტაძრის კარი დაბეჭდეს, მცველები დააყენეს. ღამე ლოცვაში გაილია: ანდრია პირველწოდებული იესო ქრისტეს მიმართ ლოცულობდა და ადიდებდა, კერპის მსახურები კი ცრუ ღმერთს ადიდებდნენ. დილით როდესაც ტაძრის კარი გააღეს, ყველამ იხილა, კერპები მტვრად ქცეულიყო, ხოლო ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ბრწყინავდა მზესავით განათებული. ირწმუნეს მესხებმა უფალი იესო ქრისტე, ხოლო წმ. ანდრიამ მათი თხოვნით ხელთუქმნელი ხატი დაასვენა მცირე ეკვდერში. ეკვდერი მცირე სამწირველოა.
   როდესაც დასრულდა სულიწმინდის მოფენის დღე-ქრისტიანობის დღესასწაული, ანდრია პირველწოდებულმა განაგრძო მოგზაურობა ქალაქიდან - ქალაქში, სოფლიდან-სოფელში...იქადაგა ეგრისში, ტაოში, კლარჯეთში, აფხაზეთში, სვანეთში....(ხოლო ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ უარი განაცხადა მოციქულის ქადაგების მიღებაზე)-ამის შემდეგ იქადაგა მეგრელებთან და აფხაზებთან და გადავიდა სკვითეთში, სკვითთა ქვეყანაში, შემდეგ მდ. დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად კიევი მდებარეობს.
 
აწყურის ღვთისმშობლის ხატი
ეროვნული მუზეუმი 
აწყურის ღვთისმშობლის ხატი , ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რამდენჯერმე დაუტყვევებიათ: ჯერ იაყუბ ყაენს-1486 წელს,შემდეგ ბაგრატ III იმერთა მეფეს 1546 წელს, შემდეგ გიორგი-იმერთა მეფეს 1553 წელს.
  1486 წელს ირანის მბრძანებელი იაყუბ-ყაენი სამცხეში შემოვიდა. თურქმანთა ლაშქარი მოადგა ახალციხეს, დაწვა ქალაქი,აიღეს აწყურის მეტად მაგარი ციხე და ქალაქი აწყურიც გაძარცვეს. ირანის შაჰმა იაყუბ-ყაენმა ხატი თან წაიღო. სამცხის გამგებელმა ათაბაგმა, რომელიც განსაკუთრებულად შეძრწუნდა ხელთუქმნელი ხატის დატყვევებით, დიდძალი ვერცხლით დაიხსნა სასწაულმოქმედი ხატი და კვლავ აწყურის ტაძარში დაასვენა.

                აწყურის ციხე
     აწყური ძველთაგანვე ცნობილი ქალაქი იყო. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა აწყურის დიდი ციხე, რომელიც უზარმაზარ კლდეზეა აღმართული. ციხეში შესასვლელი კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბიდანაა. ციხე ისეთ კლდეზეა ნაშენები, რომ გვირაბში შეჭრის შემდეგაც, მტერი მას ადვილად ვერ დაიმორჩილებდა. ციხე რამდენჯერმე დაზიანებულა და აღდგენილა.
    ,,მესხთა დიდებული საყდარი აწყვერი” საეპისკოპოსო ტაძარი იყო. წინათ აწყურს აწყვერი ეწოდებოდა, ხოლო აწყურელ ეპისკოპოსს მაწყვერელი. აწყურის კათედრალ-საეპისკოპოსო ტაძარი ფართობით ყველაზე დიდი იყო მთელ საქართველოში.
   XIII საუკუნის მიწურულსძლიერი მიწისძვრის დროს აწყურის ტაძარი დაინგრა გუმბათი ,,ჩამოიჭრა და ვითარ ქუდი კაცისა, ასრეთ თავს დაერქვა” აწყურის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც უვნებელი გადარჩა. ხატი ეკლესიის შუაში
აწყურის ტაძარი დღეს
საჭიროებს რესტავრაციას 
ესვენა,ჩამოქცეული გუმბათი მას ქუდივით დაეხურა და არა ავნო რა. მესხეთის მთავარი სალოცავი მალე აღადგინეს, ხოლო მას შემდეგ, რაც სამცხის მთავრები საქართველოს მეფეებს განუდგნენ, აწყურის ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, მესხეთის ეკლესიის მეთაურად მაწყვერელი იქცა. მას ეპისკოპოსთა დასმის უფლება მიენიჭა.
     აწყურის ტაძარი თურქთა ბატონობის ბოლო წლებში დაინგრა, მაგრამ მნახველს დღესაც აოცებს მისი სიდიადე. ჩამოქცეულია გუმბათი და ყველა კამარა, კედლის გარე პერანგი სულ ჩამოძარცვულია.

ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად
   ქართლს ორი ძლევამოსილი მეზობელი ქვეყანა ჰყავდა: რომის იმპერია და არშაკიდული სპარსეთი. მესამე საუკუნის დასაწყისში ირანში გაბატონდა სასანიდური დინასტია. სასანიანთა გვარის წარმომადგენელმა არდაშირმა თავი ირანის შაჰად გამოაცხადა. სასანიდური ირანის დედაქალაქი პერსეპოლისი იყო. მაზდეანობა სასანიდური ირანის სახელმწიფო რელიგია იყო. სპარსელები თაყვანს სცემდნენ ცეცხლს. აქედან მოდის ამ რელიგიის სახელწოდება მაზდეანობა-ცეცხლთაყვანისმცემლობა. ამ რელიგიის თანახმად, ორი ძალა: კეთილი და ბოროტი უპირისპირდება ერთმანეთს. კეთილი სულები აჰურები ებრძვიან ბნელ ძალებს- დევებს. მთავარი აჰური არის აჰურა-მაზდა, რომელიც წარმოდგენილია ცეცხლის სახით.
   მაზდეან სპარსელთა მთავარი საღვთო წიგნი იყო ’’ავესტა”, ძველირანულად დაწერილი.

   თბილისში კლდისუბანში შემაღლებულ ადგილას აგურით ამოყვანილი ოთკუთხა ჩამონგრეული ნაგებობა დგას. აქ უძველესი დროიდან ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე-ათეშქა მდგარა. ათეშქა ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავის სახელწოდებაა და ცეცხლის ტაძარს ნიშნავს.
 ძველ მცხეთაში მოგვთა -ცეცხლმსახურთა უბანი ყოფილა და ახსენებდნენ ითრუჯანსაც, ცეცხლთაყვანისმცემელთა ღვთაების სახელსაც.
     სასანიდური ირანი გაძლიერდა და განმტკიცდა. გაიზარდა მისი სამხედრო ძლიერებაც. მცირე აზიაში რომის გაბატონება, რა თქმა უნდა, რომის იმპერიის წინააღმდეგობას გამოიწვევდა. საომარი მოქმედებები შუამდინარეთსა და კავკასიაში მიმდინარეობდა. 298 წელს ირანსა და რომს შორის ზავი დაიდო ქალაქ ნიზიბინში. ამ ზავით ქართლში გაბატონებული მდგოოარეობა კვლავ რომის იმპერიამ შეინარჩუნა: იბერიის მეფეს სამეფო ნიშნები რომაელებისაგან უნდა მიეღო.
   უძველეს ცნობებს ქართლის გაქრისტიანების შესახებ გადმოგვცემს ბერძნული, ქართული და სომხური ისტორიული წყაროები.
    ქართული საისტორიო წყაროებია: ”მოქცევაი ქართლისაი” და ”ქართლის ცხოვრება”

                                                     უფლის კვართის ამბავი
 
 ქრისტეს ჯვარცმის ჟამს იერუსალმში იმყოფებოდა ორი ებრაელი საქართველოდან: ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. როდესაც ქრისტეს კვართზე წილი იყარეს, იგი ელიოზ მცხეთელს ხვდა. მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს და სიდონია შეეგება, კვართი ჩამოართვა, გულზე მიიკრა და მყის გარდაიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს. მის საფლავზე მეორე დღეს ნაძვი ამოვიდა.


       წმინდა ნინოს ცხოვრება
   ქართლის განმანათებლად წმინდა ნინო იხსენიება. წმინდა ნინო წარმოშობით რომის აღმოსავლეთ პროვინციიდან კაბადოკიიდან იყო. კაბადოკიელი იყო წმინდა გიორგიც, წმინდა ნინოს ნათესავი.
   კაბადოკია მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ძველად კაბადოკიის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ქართველური ტომები შეადგენდნენ. ეს ისტორიულ მხარე აჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.
    წმინდა ნინოს წარჩინებული მშობლები ჰყავდა. მისი მამა ზაბილონი ცნობილი მხედარმთავარი ყოფილა, დედა სუსანა-იერუალიმის პატრიარქის და. ნინო თორმეტი წლისა იყო, როდესაც მშობლებმა უარყვეს საერო ცხოვრება, ქონება გაყიდეს, გლახაკებს დაურიგეს და ღვთის სამსახურს მისცეს თავი. მარტოდ დარჩენილი ნინო ბიძამ, იერუსალიმის პატრიარქმა აღსაზრდელად მიაბარა ტაძრის მეთვალყურეს სარა
ნიაფორს, რომელიც ქრისტიანული რჯულის საუკეთეო მცოდნე ყოფილა. სწორედ მისგან შეიტყო წმინდა ნინომ, რომ ქრისტეს კვართი საქართველოში, მცხეთაში იყო დამარხული.
     ქართლში ჯავახეთის გზით შემოსული წმინდა ნინო ფარავნის ტბას მოადგა, ივნისის თვეში დათოვლილი მთები რომ დაინახა, შეძრწუნდა, მეთევზეებს საჭმელი სთხოვა, ორი დღე შეისვენა და იქვე მყოფი ქართველი მწყემსებისაგან მცხეთისაკენ მიმავალი გზა შეიტყო. წამოვიდა წმინდა იმ გზით, ფარავნის ტბიდან გამომავალ მდინარეს რომ მიუყვებოდა. გზაზე ნინომ ბევრი გაჭირვება ნახა. იმ ადგილას, სადაც მდინარე
წმ. ნინო . შიომღვიმის ფერწერული ხატი  .
დაცულია ეროვნულ მუზეუმში 
აღმოსავლეთისაკენ იწყებს დინებას, ნინოს მგზავრები შემოეყარა და მათთან ერთად ქალაქ ურბნისში მოვიდა. აქ ერთი თვე დაჰყო, შემდეგ მცხეთისაკენ სალოცავად და სავაჭროდ მიმავლებს გაჰყოლია და ქართლის დედაქალაქ მცხეთაში ჩასულა. მეორე დღეს გაისმა საყვირის ხმა, ვითარცა ყვავილი ველსა, გამოეფინა ურიცხვი ხალხი მცხეთის ქუჩებში. გამოვიდა დედოფალი ნანა, შეამკეს ყველა ქუჩა სხვადასხვა ფერის ქსოვილებითა და ყვავილებით. გამოჩნდა მირიან მეფეც. ყველამ არმაზის მთას მიაშურა. წმინდა ნინომ სხვებს შეასწრო არმაზის ციხეში შესვლა და იხილა კერპები: არმაზი, გაც და გაიმი. უსულო კერპების ხილვით შეძრწუნებულმა ნინომ შესთხოვა ღმერთს, რომელმაც საშინელი ავდარი მოაწია, ატეხა ჭექა-ქუხილი და სეტყვით მთლიანად დაამსხვრია კერპები. მესამე დღეს წმინდა ნინო ჩამოვიდა არმაზის მთიდან , შევიდა სამეფო ბაღში და ცხრა თვე მეფის მებაღის ოჯახში იცხოვრა. წმინდა ნინოს ვაზის ნასხლავისაგან გაუკეთებია ჯვარი, საკუთარი თმით შეუკრავს, ერთი მაყვლის ბუჩქში დაუდგამს და თვითონაც იქ დასახლებულა. დღეს ამ ადგილას სამთავროს ტაძარი დგას. ექვსი წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდა წმინდა ნინო მოკრძალებულად, ქადაგებდა ქრისტეს რჯულს, ავადმყოფებს კურნავდა და სასწაულებს ახდენდა. მან დედოფალი ნანა უკურნებელი სენისაგან განკურნა. დედოფალმა ნანამ იწამა ქრისტეს რჯული.
  ქართლის მეფე მირიანი მტრულად შეხვდა ახალი რელიგიის ქადაგებას, გადაწყვეტილება მიიღო, გაეწყვიტა ქრისტიანები. მაგრამ სასწაული მოხდა: ივლისის თვეში თხოთის მთაზე სანადიროდ წასულ მეფეს მზე დაუბნელდა და გზა ვეღარ გაიგნო. მირიანმა შველა ჯერ საკუთარ ღმერთებს არმაზსა და ზადენს სთხოვა, შემდეგ უცხო ღმერთებს: ციბუშსა და ითრუჯანს. უკუნი არ განათდა. მირიან მეფე ნინოს ღმერთს შეევედრა ხსნას. მაშინ გათენდა და გამობრწყინდა მზე. მირიან მეფემ იწამა ქრისტეს ძალა, მცხეთაში დაბრუნებულმა იხმო ნინო და დაიწყო ზრუნვა ქრისტიანობის საკუთარ ქვეყანაში გასავრცელებლად. მირიან მეფემ და წმინდა ნინომ რომის იმპერატორს კონსტანტინეს და მის დედას ელენეს თხოვნით მიმართეს მღვდელმთავარი და მღვდელი გამოეგზავნათ ქართველთა ნათლობისათვის. იმპერატორმა კონსტანტინემ საქართველოში გამოაგზავნა პირველი ეკლესიის მამამთავარი იოანე და მასთან კიდევ ორი მღვდელი და სამი დიაკვანი. მირიან მეფე წმინდა ნინომ მონათლა, მისი ოჯახის წევრები მღვდლებმა მონათლეს, მტკვარი აკურთხეს და მთელი ერი-მცხეთისა და ქართლის მოსახლეობა მტკვარში მოინათლა
                  პატიოსან ჯვართა აღმართვა
     ღვთის მითითებითა და წმინდა ნინოს რჩევით მეფე მირიანმა სამი ჯვარი აღმართა: ერთი იმ მთაზე, სადაც ახლა ჯვრის მონასტერია, მეორე თხოთის მთაზე, სადაც მირიანმა ქრისტე იწამა და მესამე, კახეთში, ქალაქ უჯარმაში.
 
 წმინდა ნინომ ქრისტიანობა იქადაგა ქართლის მთიანეთში, ერწო-თიანეთში, კუხეთში. აქ დასნეულდა და გარდაიცვალა ბოდბეში. მისი დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააგეს.
     ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ქრისტიანობა წიგნიერი რელიგიაა. ის ხელს უწყობდა ერთიანი ქართული კულტურისა და ენის განვითარებას, ხელისუფლების განმტკიცებასა და ქვეყნის გაერთიანებას.
სვეტიცხოვლის აგება
სწორედ იმ ადგილას, სადაც სიდონია დაკრძალეს უფლის კვართთან ერთად, ააშენეს პირველი ხისაგან ნაგები სვეტიცხოველი. სიდონიას საფლავზე ამოსული ნაძვის ხე მოჭრეს და ტაძრის მთავარ სვეტად დაამზადეს. ძელი მშენებლებმა ვერასდიდებით ვერ ასწიეს. ღამე წმინდა ნინომ ლოცვა დაიწყო. გამთენიისას ცეცხლის ზეწარში გახვეული ჭაბუკი ციდან ჩამოეშვა და სვეტი ზევით აიტანა. სვეტი აელვარდა და ორი კაცის სიმაღლეზე ჰაერში დაეკიდა. დილით განცვიფრებული მეფისა და ხალხის თვალწინ სვეტი თავისით დაეშვა და იქ განმტკიცდა, საიდანაც მოკვეთეს. ამ სვეტს ’’ცოცხალი სვეტი’’ ეწოდა. აქედამ მოდის სახელწოდებაც-სვეტიცხოველი.
ალექსანდრე ენგელი
სვეტიცხოველი და ჯვარი 

    ეკლესია ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს. ისტორიული       წყაროებისა და უძველესი გადარჩენილი ეკლესიების მიხედვით, თავდაპირველად მლოცველები გარეთ იდგნენ, ეკლესიაში მხოლოდ მღვდლები შედიოდნენ. ეკვდერი მცირე სამწირველოს ეწოდებოდა. საქართველოში შენდებოდა დარბაზული, ბაზილიკური. გუმბათიანი და ჯვარგუმბათოვანი ტაძრები. ქვით ან აგურით ნაგებ ეკლესიებს კარგად გათლილი ქვით აპირკეთებდნენ, რასაც ”პერანგი” ეწოდება. ეკლესიის პერანგს, ხის კარს, სვეტებს ამკობდნენ რელიეფებითა და ჩუქურთმებით.
   თვითონ ტაძარი სამ ნაწილად იყოფა: კარიბჭე, ტაძრის შუა ნაწილი და საკურთხეველი. საკურთხეველი ტაძრის უმთავრესი ნაწილია. საკურთხევლის შუა ადგილას დგას შესაფერი შესამოსით შემკობილი ტრაპეზი, რომელზედაც სრულდება საიდუმლო ზიარება. საკურთხეველი ყოველთვის შენობის აღმოსავლეთ ნაწილშია. კარიბჭე
 საკურთხეველი ტაძრის შუა ნაწილისაგან კანკელით ანუ კედლით გაიყოფა, რომელზეც წმინდა ხატებია დასვენებული. კანკელში სამი კარია საკურთხეველში შესასვლელად.

ბაზილიკა წაგრძელებული უგუმბათო ნაგებობაა, რომელიც ’’ნავებად” იყო დაყოფილი.

ბაზილიკური ტიპის ნაგებობებია; ბოლნისის სიონი, ურბნისი, თბილისის ’’ანჩისხატი”......
ანჩისხატის ეკლესია 

გუმბათოვანი ეკლესიებია: მცხეთის ჯვარის ტაძარი, ატენის სიონი, ძველი შუამთა....

   მცხეთის ჯვრის ტაძარი მცხეთის აღმოსავლეთით მდებარეობას, მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართულ მთის წვერზე. ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც, წმინდა ნინომ ხის დიდი ჯვარი აღმართა. გუმბათი ნაგებობის კედლებს ეყრდნობა. გუმბათის ყელის სარკმელიდან შემოსული შუქი უხვად ანათებს საკურთხეველს.
 
ჯვრის ეკლესია 
  მოგვიანებით აგებული ჯვრის ტიპის ნაგებობების გუმბათი უკვე სვეტებზეა დაყრდნობილი.
ეკლესია-მონასტრები საქართველოში მწიგნობრობის კერა იყო. ქართულ მონასტრებში მოღვაწეობდნენ მწერლები, მეცნიერები, კალიგრაფები, ეტრატის შემქმნელნი, წიგნების მკაზმველნი...აქ ხდებოდა წიგნების გადაწერა, შემკობა, აკინძვა, ძველი ხელნაწერების აღდგენა.


ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ” წიგნებს” ნიშნავს. იგი ორი რელიგიის იუდაიზმისა და ქრისტიანობის საღვთო წიგნია
წყაროსთავის სახარება
XII საუკუნე 


სახარება მოციქულთა ოთხთავია, ანუ ”ახალი აღთქმა”. სახარება ამ წიგნს იმიტომ ჰქვია, რომ მოციქულებმა ამ წიგნით ახარეს ადამიანებს ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლა. ”ოთხთავი”-ოთხი სახარება დაწერილია ქრისტეს მოწაფეების, მოციქულების მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს მიერ. მათში გადმოცემულია იესო ქრისტეს დაბადება, ცხოვრება, ჯვარცმა, აღდგომა და ზეცად ამაღლება. 



სტატიის ავტორი ნინო აბულაძე .











გამოყენებული ლიტ-რა : 

საქართველოს ისტორიის ნარკვევები; ტ.II
”ქართლის ცხოვრება ”  I ტომი 
ქართული  არქიტექტურა .
მსოფლიო რელიგიები - ზოროასტრიზმი. ლევან ახვლეედიანი
საქართველოს სიწმინდეები 

The First Christians in their Cultural Milieu.

File:Constantine I Hagia Sophia.jpg


Historical Background of The Council of Chalcedon

ანდრია პირველწოდებული და ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში- ავტორი უჩა მურღულია . (რუკა ამ გვერდიდან გამოვიყენე) 

1 comments:

  1. რა კარგები ხართ? წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete